სტიქიის ზონებში დაზიანებული სახურავების აღდგენის პირველადი სამუშაოები დაიწყო

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მეორე დღეა ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მუშაობენ სტიქიის სამივე რეგიონში - იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.დღეს დილიდან დაიწყო სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლა და ზიანის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა. აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები შესაბამის კომპანიებთან მათ შორის სამუშაოების გადანაწილების მიზნით. მოცემული ეტაპისათვის იმერეთში და სამეგრელოში უკვე დაიწყო რამდენიმე კორპუსის დაზიანებული სახურავის აღდგენისა და გადახურვის პირველადი სამუშაოები. იქ, სადაც დაზიანების ხარისხი არ საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას, მოსახლეობა მარაგდება დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო მასალით. გურიაში ამჟამად ელექტრო გადამცემი ხაზების ნაწილი აღდგენილია, ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. ნაწილობრივ აღდგენილია გაზის მიწოდებაც და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სამივე რეგიონის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება. შექმნილი საგანგებო შტაბები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.

01.12.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია