მზია გიორგობიანი

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი.

მზია გიორგობიანს გააჩნია საჯარო სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას გაიარა კარიერის სხვადასხვა ეტაპი-გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის კონსულტანტიდან სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობამდე, სადაც კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა  და საქართველოს საჯარო სექტორის პარტნიორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებზე, მონაწილეობდა ყოველწლიური და შუალედური ბიუჯეტის დაგეგმვაში. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა „საქტელეფონმშენში“ (JSC) ბუღალტრად . 

ქალბატონ მზიას გააჩნია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება. მსოფლიო ბანკში იყო Voice Secondment Program-ის მონაწილე. მის კომპეტენციაში შედიოდა ბანკის გლობალური პროექტების გამოცდილების გაანალიზება, მსოფლიო ბანკის აქტივობებზე, პროდუქტებსა და პროცედურებზე ცნობიერების ამაღლება.
მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე  დანიშვნამდე,  იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 
ქალბატონმა მზიამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი. გავლილი აქვს სასწავლო პროგრამა, როგორც ფინანსების ადმინისტრირების და ეკონომიკური განვითარების, ასევე პროექტების მართვის მიმართულებით. 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

მზია გიორგობიანი დაიბადა  1976 წლის 27 თებერვალს, ქ. ცაგერში.