“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად პროევროპულია და ამას ვამტკიცებთ საქმით, ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი”, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხალხმა აირჩია ევროპული გზა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ასეთ არჩევანს არ აკეთებს.
„ვაკეთებთ ყველაფერს ინსტიტუციების გაძლიერებისთვის, პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ ძლიერი საპარლამენტო მოდელი - პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით და ყველა მონაწილეობს დიალოგში მრგვალ მაგიდასთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს ახალ ძალებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან პარტიებად ჩამოყალიბებული, უკვე 2020 წლის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. გარემო პლურალისტურია, მედია თავისუფალი, თვითმმართველობებში კი მერებს ირჩევენ პირდაპირი წესით. ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი და დიდი მადლობა ევროპის საბჭოს იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოს გახდის კიდევ უფრო ძლიერს და დაახლოებს ევროკავშირთან,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. წლევანდელი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბისაა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება და მასში საქართველოს, ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები მონაწილეობენ.
ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. კონფერენცია მისასასლმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.