მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხურვალეთში სპორტული დარბაზი მოეწყობა

A-/A+

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართულ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ განსახორციელებელი პროექტები შეარჩია.

კრებას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფლის კრებას ხურვალეთის, ახალი ხურვალეთისა და ბობნევის მოსახლეობა დაესწრო. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს 2 პროექტი დაფინანსდება. სოფელში მდებარე შენობაში, რომელიც ამჟამად უფუნქციოა, სპორტული დარბაზი მოეწყობა, რომელიც სამივე დასახლებას მოემსახურება. ასევე, პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.
 

04.02.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია